მადიარის მთავრობა შეწყვეტს უნგრეთის გასვლას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აპირებს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) ქვეყნის გასვლის პროცესი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ დაიწყო.
უნგრეთში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის" მმართველობა დაასრულა 2026 წლის 12 აპრილს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგად უმრავლესობა მოიპოვა პარტია „ტისამ" პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.მადიარმა 20 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად დარჩება.
რამდენიმე დღით ადრე პეტერ მადიარმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ის უნგრეთში მიიწვია 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული და ყველა ქვეყანა, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებენ, ვალდებულია ის დააკავოს.ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიწვევის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას მადიარმა 20 აპრილს უპასუხა, რომ თუ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და მის ტერიტორიაზე ჩადის ძებნილი პირი, ის უნდა დააკავონ. უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის თანახმად, მას ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის არ დაუმალავს, რომ უნგრეთი სასამართლოს წევრად დარჩება.
პეტერ მადიარის განცხადებით, მან რევოლუციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად უნგრეთში მიიწვია ყველა ლიდერი, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ესაუბრა.
2026 წლის შემოდგომაზე უნგრეთი აღნიშნავს 70-ე წლისთავს საბჭოური სტალინური რეჟიმის წინააღმდეგ უნგრელების შეიარაღებული აჯანყებიდან(1956 წლის ოქტომბერ-ნოემბერი), რომელიც საბჭოთა ჯარებმა ჩაახშეს. დაიღუპა 3000-მდე ადამიანი.
ვიქტორ ორბანის მთავრობამ 2025 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ უნგრეთი დატოვებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC). მიზეზად ის დასახელდა, რომ ICC „პოლიტიზებული ინსტიტუციაა, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და ნდობა“.
უნგრეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით საბოლოოდ მიიღო 2025 წლის მაისის ბოლოს. სასამართლოდან გასვლის პროცედურა ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო.
2025 წლის 3 აპრილს, როცა ორბანის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა, უნგრეთში ვიზიტით ჩავიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.უნგრეთს, როგორც რომის სტატუტის მონაწილეს და ICC-ს წევრს, ნეთანიაჰუს დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რაც არ გააკეთა.ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე, როცა სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და ისრაელის პრემიერი ბუდაპეშტში მიიწვია.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.