ჩვენს ქოცოში-ქვევრში
ასეთი ამბები გამოიწვია 18 აპრილის დოკუმენტზე ხელის მოწერამ, რასაც ევროკავშირი და საქართველოს სხვა სტრატეგიული პარტნიორები კრიზისის განმუხტვას და ქართული დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებენ.
არის თუ არა ეს გამარჯვება?
18 აპრილს ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ, შეთანხმების დოკუმენტის დაწუნების შემთხვევაში, ევროკავშირი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვეღარ მოიცლიდა ჩვენთვის და, შესაბამისად, კარგა ხნით ისევ მარტო დავრჩებოდით.
საქართველოს ისტორია სავსეა შემთხვევებით, როცა გადამწყვეტ მომენტში მარტო დავრჩით ბევრად ძლიერი მტრის ან, ღმერთმა დაიფაროს, ორად და მეტად გახლეჩილი ერთმანეთის პირისპირ. ბევრჯერ გვიქილიკია ევროპა-ამერიკის დიპლომატიურ „შეშფოთებასა და წუხილზეც“, ბევრს დაუჩივლია, მორიგ ჯერზე პრაგმატული მიტოვების გამო, მაგრამ არასოდეს გვქონია „შანსი“ ფეხებზე დაგვეკიდა ევროპა, ამერიკა და ზოგადად დასავლეთი, საითაც საუკუნეებია მივისწრაფვით...
18 აპრილს, როცა ევროკავშირის წარმომადგენლობაში არ მივიდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, როცა შარლ მიშელის "საბოლოო დოკუმენტი" ის არ აღმოჩნდა, რასაც არჩილ თალაკვაძემ ნაჩქარევად და გაკვრით მოაწერა ხელი, ბევრმა იფიქრა, რომ სწორედ ხელისუფლება აპირებდა „შანსის“ გამოყენებას და აქამდე უთქმელი სიტყვების თქმას, მაგრამ არა! "ოცნებამ" მალევე გადაიფიქრა, სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ცხელ გულზე გაკეთებულმა ჩართვამ გააჩინა იგივე მოლოდინი, თუმცა მცირე ხანში სააკაშვილმაც თქვა, მელია რომ დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტსო.
აშკარაა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით ბედნიერი არც მმართველი პარტია დარჩა. „ქართულმა ოცნებამ“, პრინციპში, აღიარა როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილების მქონე საქმეების“ არსებობა, ასევე მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემების ხარვეზიანობა და რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაც (რაც მიება კიდეც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს), თუმცა მმართველმა პარტიამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მოჩვენებითი სიმშვიდით მოაწერა ხელი დოკუმენტს.
ეს დოკუმენტი, ოპოზიცური პარტიების ნაწილის აზრით, უკეთესია ყველა წინა ვარიანტზე, მაგრამ მაინც არ უპასუხებს არჩევნების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მიზნებს და არ შეიცავს კრიზისის განმუხტვის რეალურ მექანიზმებს, რის გამოც არ აწერენ კიდეც ხელს, თუმცა ვინც მოაწერა და რაც მოხდა, ისიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შუამავალს, ცნობილი ქართული ფილმის პერსონაჟის მსგავსად, ვეღარ ეთქვა, „რა ვქნა, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ დაა...”
ცხადია, ქვევრის გატეხვის - კომპრომისის გარეშე შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა.
სხვათა შორის, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ტრაგიკომიკურ ჩიხურობას უკეთესად აღწერს ლუიჯი პირანდელოს ამავე სახელწოდების მოთხრობა, რომლის მიხედვითაც გადაღებულია მხატვრული ფილმი.
თუ ფილმში შუამავალი უგულო და ხეპრე მილიციის უფროსია, მოთხრობაში მთავარ გმირს, დონ ლოლო ძირაფას (გოგიას პროტოტიპი) გამოსავალს გულისხმიერი ადვოკატი სთავაზობს: ეუბნება, რომ ამ საქმეს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ იგი, დონ ლოლო ვალდებულია ახლავე გაანთავისუფლოს ტყვე, რომ პასუხი არ აგებინონ, ძალმომრეობით გამომწყვდევის გამო, მეორეს მხრივ კი - მექოთნემ (ძია დიმა - აბესალომის პროტოტიპი) პასუხი უნდა აგოს ზარალზე, რაც იმის დაუდევრობის გამო მოხდა.
ქვევრი რომ უნდა გატეხონ (კომპრომისი), ამაზე მხარეები მალევე შეთანხმდებიან, გაუჭირდებათ ფასზე და დამნაშავის ვინაობაზე მოლაპარაკება. საქმე ის არის, რომ მოთხრობაში ქვევრის შემწებებელი დიდწილად ქვევრის მფლობელის უადგილო და დაჟინებული ინიციატივის გამო გაეხვევა შარში, თუმცა მოთხრობაში ბოლოს ყველაფერი კარგად, „კრიზისის“ განმუხტვით დასრულდება. ასეა პირანდელოს „ქვევრში“, სადაც კონფლიქტში ორი სუბიექტი მონაწილეობს, განსხვავებით ჩვენი რეალური ქვევრისა, რომელსაც, კაცმა არ იცის, ვინ ჰყავს პატრონი და, რომელშიც ლამის ათამდე პარტიაა გამოკეტილი. თანაც ჩვენი ქვევრი პატარაა, უფრო ქოცოა, ვიდრე ქვევრი ["ქოცო - მცირე (მომცრო) ჭური" - სულხან-საბა]. პატრონს არ უნდა ჭურჭლის გატეხვა, მაგრამ იძულებულია თქვას, რომ დაამტვრევს, თუ ოპონენტები გარკვეულ პირობებს შეასრულებენ. თავის მხრივ ქოცოში მოხვედრილი პარტიებიც ამბობენ, რომ ჭურჭელი უნდა გატყდეს, მაგრამ ერთ ნაწილს არ მოსწონს შეთავაზებული პირობები და უარს ამბობს შეთანხმებაზე, ზოგს კი შესაძლოა სულაც გასატეხად არ ემეტება ქვევრი, რომელიც მალე შეიძლება მისი გახდეს და გატეხილს რა თავში იხლის?
მოკლედ, ჩვენს ქოცო-ქვევრში რომ ამბები ხდება, თვით პირანდელოსაც კი არ დაესიზმრებოდა, არაფერს ვამბობ შარლმიშელებსა და დანიელსონებზე...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.