კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სტიქიასთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში ამბობენ, რომ მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობისა, სრულყოფილად ჩატარდა წინასასეზონო ტექნიკური სამუშაოები, დანადგარები შეივსო რაკეტებით.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს კახეთში 600 000-მდე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვას. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში, დაახლოებით, 28 წლის წინ შეწყვიტა არსებობა, ახალ პროექტზე მუშაობა კი 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ძირითადი ინფრასტრუქტურა კახეთშია, თუმცა მართვა ავტომატიზებულ რეჟიმში ხდება დედაქალაქიდან. სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.