ფხენიანში მემორიალი გაუხსნეს რუსეთისთვის დაღუპულ სამხედროებს
ფხენიანში გახსნეს უკრაინის წინააღმდეგ რუსულ არმიასთან ერთად ბრძოლაში დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროების მემორიალი. მისი ოფიციალური სახელწოდებაა „უცხოეთის სამხედრო ოპერაციაში საბრძოლო გმირობების მემორიალური მუზეუმი“.
ჩრდილოეთმა კორეამ უკრაინასთან საბრძოლველად რუსეთის დასახმარებლად ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ისინი ძირითადად, რუსეთის კურსკის ოლქის დასაცავად გამოიყენეს.ფხენიანი დაღუპულთა რიცხვს არ ასახელებს.ცერემონიაში, რომელიც 26 აპრილს გაიმართა, ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინთან ერთად მონაწილეობდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. მუზეუმი „კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის წლისთავზე“ გახსნეს.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სახელმწიფო სააგენტო 2025 წლის ოქტომბერში იუწყებოდა, რომ „გულმოწყალე მამა“ კიმ ჩენ ინმა საფუძველი ჩაუყარა მემორიალური მუზეუმის მშენებლობას.
2026 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიმ ჩენს ინს წერილი გაუგზავნა, მადლობა გადაუხადა მემორიალის „უმოკლეს ვადაში“ გახსნისთვის და „ორი ხალხის მეგობრობის და ერთობის სიმბოლო უწოდა“.
სამხრეთ კორეის და დასავლეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის ბრძოლაში სულ მცირე 2000 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა და 6000 დაიჭრა. 2026 წლის დასაწყისისთვის ფრონტისპირა კურსკის ოლქში სულ მცირე 11 000 ჩრდილოკორეელი სამხედრო რჩებოდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი „სრულად გაათავისუფლეს" და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.გერასიმოვის ეს განცხადება იყო რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნის პირველი ოფიციალური დადასტურება. 28 აპრილს ფხენიანმა თავადაც დაადასტურა რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი, რის შესახებაც პირველი ცნობები ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომიდან ვრცელდებოდა.