აშშ ირანიდან ურანის "ნელი ტემპით" გამოტანას აპირებს - განუცხადა ტრამპმა Reuters-ს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 აპრილს Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ ირანთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რათა მისი გამდიდრებული ურანი ამოიღონ და აშშ-ში ჩაიტანონ.
"ჩვენ ამას ერთად მოვაგვარებთ. ჩვენ ირანთან ერთად ვიმუშავებთ წყნარ, აუჩქარებელ ტემპში, ჩავალთ და დიდი ტექნიკის საშუალებით თხრას დავიწყებთ... შემდეგ შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ", - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუს დროს.
მან თქვა, რომ შეთანხმების მისაღწევად დამატებითი მოლაპარაკებები იქნება საჭირო და რომ ეს, "სავარაუდოდ, შაბათ-კვირას" მოხდება. ტრამპმა დაამატა, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ "შეიძლება" ისლამაბადში ჩავიდეს.
"გადაწყვეტილება არ მიმიღია", - თქვა მან.
ტრამპმა ილაპარაკა "ბირთვულ მტვერზე" და დასძინა, რომ მას "ძალიან მალე" ამოიღებენ.
ტრამპის მიერ "ბირთვული მტვრის" ხსენება მიანიშნებს იმაზე, რაც, მისი აზრით, დარჩა გასულ წლის ივნისში შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ.
Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ და ირანი ომის დასრულების სამპუნქტიან გეგმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი გულისხმობს ირანის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივების განბლოკვას გამდიდრებული ურანის სანაცვლოდ.
იმ ცნობის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები 20 მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგებას განიხილავდა ურანის სანაცვლოდ, ტრამპმა განაცხადა: "ეს სრული სიცრუეა. ფული არ გადაიცვლება".
თვლიან, რომ ირანს აქვს 400 კილოგრამზე მეტი 60%-მდე გამდიდრებული ურანი. ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ირანის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია.
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის მთავარი მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის აღკვეთა იყო. ირანი აცხადებს, რომ მისი ურანის გამდიდრება მთლიანად მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნებისთვის ხორციელდება.
ტრამპმა, რომელიც აშკარად აღფრთოვანებული იყო ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პერსპექტივით, განაცხადა, რომ აშშ შეინარჩუნებს საზღვაო ბლოკადას ირანის წინააღმდეგ, სანამ შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ერთად მუშაობს სრუტიდან ნაღმების გასატანად.