ბერლინში დაიწყო გამოძიება რუსი ოპოზიციონერების შესაძლო მოწამვლის თაობაზე
რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ბერლინში აპრილის ბოლოს გაიმართა. როგორც „აგენტსტვო“ წერს, ღონისძიების ორ მონაწილეს განუვითარდა სისუსტე. ერთ-ერთი მათგანია ფონდ „სვობოდნაია როსიის“ ხელმძღვანელი ნატალია არნო. მეორე არის ჟურნალისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა რუსეთი. მის ვინაობას გამოცემა არ ასახელებს.
„აგენტსტვოს“ მასალიდან ირკვევა, რომ ორივე მონაწილე კონფერენციამდეც ცუდად გრძნობდა თავს. არნო საავადმყოფოში მივიდა აშშ-ში, სადაც ახლა ცხოვრობს, დაუსახელებელი ჟურნალისტი კი - ბერლინის უდიდეს კლინიკა „შარიტეში“. იქ სხვადასხვა დროს მკურნალობდნენ მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზებულ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, და „მედიაზონის“ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს.
„აგენტსტვოს“ მასალის მიხედვით, არნოს შესაძლო მოწამვლას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს. უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.