საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთისა და თურქეთის ორი მოქალაქე.
სააგენტო "რესი" ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ თურქმენეთის მოქალაქე რაზგელდი ჩოლიევმა და თურქეთის მოქალაქე დემირ ტოლგამ 23 აგვისტოს "განზრახ გადაკვეთეს საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი და აპირებდნენ სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთის ფედერაციაში შესვლას“.
დე ფაქტო უწყებისვე ცნობით, ორივე მოქალაქე 21 ოქტომბერს დამნაშავედ ცნეს "საზღვრის უკანონო კვეთაში" და სასჯელად 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
"აღნიშნულ პირთა უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალის მიერ გაზიარებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით",- ნათქვამია სუსის განცხადებაში.
აქამდე ინფორმაცია უცხო ქვეყნის ამ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ არ გაუვრცელებიათ არც ქართულ მხარეს და არც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტს.