ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელები დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ ერკვევიან ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დაფინანსებას.
8 ნოემბერს, აშშ-ში ჩატარდება კონგრესის შუალედური არჩევნები, რომლის შედეგები გადაწყვეტს, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკარტიმ, მისი პარტიის კანდიდატთა გამარჯვების შემთხვევაში, ეჭვქვეშ დააყენა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელება.
„მათ არ ესმით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უკრაინა. ეს არის აღმოსავლეთ ევროპა. ეს არის ნატო. ეს არის რეალური, სერიოზული შედეგები. მათ წარმოდგენა არ აქვთ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე“, - განაცხადა 20 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც დემოკრატების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში იმყოფებოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 17.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.