აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სატელევიზიო პრემია Emmy-ის ლაურეატი გახდა „საუკეთესო მთხრობლის“ ნომინაციაში.
მან გაახმოვანა Netflix-ის სერიალი „ჩვენი დიადი ეროვნული პარკები“. პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ობამამ დააარსა საპროდიუსერო კომპანია Higher Ground Productions-ი, რომელიც ამ სერიალის შექმნაზე მუშაობდა.
ფილმი ხუთი სერიისგან შედგება და მოგვითხრობს მთელი მსოფლიოს ბუნებრივ ეროვნულ პარკებზე კალიფორნიიდან კენიასა და ინდონეზიამდე.
ეს მედიის სფეროში ობამას პირველი ჯილდო არ არის. პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ ის პროდიუსერობამ გაიტაცა. ობამას ორჯერ აქვს მიღებული Grammy აუდიოწიგნების, საკუთარი მემუარების, გახმოვანებისთვის. მისმა მეუღლე, მიშელიც, გახდა Grammy-ის მფლობელი 2020 წელს, როცა საკუთარი აუდიოწიგნი გაახმოვანა.
ობამა მეორე ამერიკელი ლიდერია, რომელმაც Emmy მიიღო. პირველი იყო დუაიტ აიზენჰაუერი 1956 წელს, როცა მას პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. აიზენჰაუერმა სპეციალური ჯილდო მიიღო 1955 წლის პრესკონფერენციისთვის.
აიზენჰაუერისგან განსხვავებით ობამა ნომინაციაში გამოვიდა არა როგორც სახელმწიფო მოღვაწე, არამედ როგორც კერძო პირი და კიდევ ოთხ კონკურენტთან ბრძოლაში მოიპოვა თავისი Emmy.
ადრე ობამა უკვე იყო წარმოდგენილი Emmy-ის ჯილდოზე 2016 წელს - ნომინაციაში „საუკეთესო საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი“. ჯილდოზე ის წარადგინეს მონაწილეობისთვის ბუნების თემაზე მომუშავე ცნობილი ტელეჟურნალისტისა და პროდიუსერის, დევიდ ეტენბოროს ფილმში - „დევიდ ეტენბორო ხვდება ბარაკ ობამას“.