მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს მოსამართლემ სასჯელის ზომად 6-თვიანი პირობითი მსჯავრი და 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრა.
ჯანო ჭკადუა, დაზარალებული არასრულწლოვანის ადვოკატი, ტელეკომპანია „ტვ პირველისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ ბაკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ იმიტომ მიიღო, რომ მას პროკურატურა ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავება:
„6 თვე პირობითი მსჯავრი და ერთი წელი გამოსაცდელი ვადა იქნა მის მიმართ გამოყენებული. ეს ადამიანი ძალადობრივ ქმედებაში არ იღებდა უშუალო მონაწილეობას, შორიდან აკვირდებოდა მომხდარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, სასამართლოს მის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ეს ასეც მოხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს ასევე, რომ უშუალოდ ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებული დასჯილი იქნას უმკაცრესად.“
23 იანვარს მეტროს სადგურ „ისანში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე - დააკავეს.
კახა ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.