აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი 14 ივლისს ხელს აწერენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც პირობას დადებენ, არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ დეკლარაცია გააფართოებს ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის კავშირებს უსაფრთხოების სფეროში. „ეს დეკლარაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია და ის შეიცავს ვალდებულებას, არასოდეს მიეცეს ირანს ნებართვა, მოიპოვოს ბირთვული იარაღი.“
ერთობლივი განცხადების თანახმად, ხელისმომწერებმა უნდა იბრძოლონ ირანის მადესტაბილიზებელი მოქმედების, განსაკუთრებით ისრაელის მიმართ, წინააღმდეგ.
პრეზიდენტი ბაიდენი ტელ-ავივში 13 ივლისს ჩავიდა, ახლო აღმოსავლეთში ამ რანგში თავისი პირველი ვიზიტით. 14 ივლისს ის გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც გამოვა ისრაელის ლიდერთან ერთად.
ბაიდენს სურს, რომ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება განახლდეს - ის მაშინ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2018 წელს დატოვა შეთანხმება, განაცხადა რა, რომ თეირანი არ ასრულებს პირობებს და აფინანსებს ტერორიზმს და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა ირანს. თეირანი უარყოფს ბრალდებებს, რომ სურდა ბირთვული იარაღის შექმნა.
ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა ბირთვული შეთანხმება განახლდეს.
ისრაელი, რომელიც თეირანის სასტიკი მეტოქეა, ბირთვულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ თეირანი საბოლოო ჯამში ბირთვულ იარაღს შექმნის.