პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, ფეისბუკის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რა ნიშნავს საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე „ჰიბრიდული ომი“.
მისი სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ პროტესტს აზრი არ აქვს და ვინც დემონსტრაციაზე გამოდის, ის „უსამშობლო“ და „უღმერთოა.“
„დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ“, - ნათქვამია პოსტში.
სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების საკითხსაც ეხება და წერს, რომ „მათ ქართველები მიაჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად“. ამასთან, ექსპრეზიდენტის თანახმად, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე „სინდისი არ უნდა აწუხებდეთ“. ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილი უმთავრესად მიიჩნევს:
„შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე. და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის - ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებს, რომელთა ორგანიზებითაც ევროკავშირის მხარდამჭერი და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, "უსამშობლო" და "უღმერთო" ხალხი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უწოდა ტელეკომპანია "პოსტივისთან" საუბარში.
„სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო. იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი, ხომ? მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად ასეთი ადამიანები იდგნენ სცენაზე“, - თქვა კობახიძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის საქართველოში 90 ათასზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული.