რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც არეგულირებს რუსეთში ე.წ. უცხოელი აგენტების სტატუსს. ახლა, ამ სტატუსის მისაცემად, არ არის აუცილებელი უცხოელებისგან დაფინანსების მიღება, არამედ საკმარისია "უცხოეთის გავლენის ქვეშ ყოფნაც" . ახალი წესები ძალაში 1 დეკემბერს შევა.
უცხოელი აგენტების სტატუსის მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს აეკრძალებათ საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება, არასრულწლოვანებს შორის საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის სახელმწიფო დაფინანსების მიღება. მათ აეკრძალებათ საჯარო საზედამხედველო კომისიებში კანდიდატების წარდგენა და საარჩევნო კომისიების წევრებად გახდომა. არ ექნებათ საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზების უფლება.
რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ შესახებ 2012 წელს მიიღეს და მას მერე ის რამდენჯერმე განახლდა.
ამ კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დახმარებას და რომლებიც, მთავრობის აზრით, პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“ და აუდიტი გაიარონ.
კანონი უცხოელი აგენტების შესახებ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, აგენტად აღიაროს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელმაც მიიღო ფული საზღვარგარეთიდან და ატარებს, ხელისუფლების თვალსაზრისით, პოლიტიკურ საქმიანობას. ასეთი საქმიანობის კრიტერიუმები კანონში განსაზღვრული არ არის, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სიაში შეიტანოს თითქმის ყველა არასასურველი ორგანიზაცია. ივნისის შუა რიცხვებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონი აგენტების შესახებ აღიარა, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა. სასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დაავალა 73 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებმაც ECHR-ს ცხრა წლის წინ მიმართეს. რუსეთმა განაცხადა, რომ ამ თანხას არ გადაიხდის.