30 მაისს მოსკოვის სატელევიზიო ანძის “ოსტანკინოს“ შენობაზე ალა პუგაჩოვას მისამართით პროექტორის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინება გამოჩნდა.
“ალა, რა კარგია, რომ გაიქეცი. ალა, თქვენ დიდი ხანია აქ აღარ ხართ“, – ასე იკითხებოდა სამშობლოს გზავნილი პრიმადონას მისამართით.
“ოსტანკინოს“ პრესსამსახური ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ასევე არ ვრცელდება რუსულ მედიაში ვერსიები, თუ ვის შეეძლო ცენტრალურ შენობაზე მსგავსი რამის დაწერა…
ალა პუგაჩოვა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, რამდენიმე თვეა ისრაელში იმყოფება. ვარსკვლავმა ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამ ყველაფერს შვებულების სახელი დაერქვა, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ მისი ემიგრაცია სამუდამოა.
მეუღლე მაქსიმ გალკინისგან განსხვავებით, ალა ისრაელში გადასვლის შემდეგ იშვიათად ჩნდება მედიაში. ბოლოს 25 მაისს, ქალიშვილს კრისტინა ორბაკაიტეს დაბადების დღე ვიდეოთი მიულოცა, სადაც მეგობრებთან ერთად სუფრასთან იჯდა…
მედია მოუთმენლად ელოდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა პრიმადონას შეურაცხმყოფელ გზავნილზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ “ოსტანკინოზე“ პროექტორით მსგავსი აქციის ჩადენას მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ვერავინ გაბედავდა…
რამდენიმე საათის წინ, ალა პუგაჩოვამ “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა. თეთრებში ჩაცმული მომღერალი ყვავილების ბაღში ზის და წერს:
“რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით უფრო ხმამაღალია შეურაცხყოფა, იცხოვრე მშვიდად, ქვეყანავ!..“ – წერს პუგაჩოვა.