საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს იხდის რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდა თინა ბოკუჩავა, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს. მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, პრივილეგიასა და თანამდებობაზე“, - თქვა ბოკუჩავამ.
დეპუტატს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობის შესახებაც ჰკითხეს.
„მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი. მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილება არის, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ელოდა დაპატიმრებას.
„დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის მოლოდინი იყო, რომ მას დააპატიმრებდნენ. მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ეს საფრთხე და მიუხედავად საფრთხისა, მან მიიღო ჩამოსვლის გადაწყვეტილება. მან ჩათვალა, რომ ახლა ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ საბოლოო გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ“, - აღნიშნავს პარლამენტის წევრი და ამატებს, რომ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. ის დეტალებზე არ საუბრობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის ამჟამად იმყოფება რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გასულ ღამით, სააკაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს აცნობა, რომ შიმშილობას აცხადებს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.