ალექსეი ნავალნის პრეს-მდივნის, კირა იარმიშის, ცნობით, მაშინ, როცა ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფებოდა, სასამართლოს აღმასრულებლებმა დააპატიმრეს კრემლის ოპონენტის ანგარიშები და ასევე მოსკოვის მარინოს რაიონში მდებარე პოლიტიკოსის კუთვნილი ბინა.
ამ გადაწყვეტილებია საფუძველია ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული კომპანია „მოსკოველი მოწაფის“ სარჩელი. იარმიშის თანახმად, ბოქაულებმა 27 აგვისტოს განაცხადეს, რომ იკრძალება სარეგისტრაციო მოქმედება საცხოვრებელ ბინაში ნავალნის წილზე: „ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, ჩუქება ან ბანკში ჩადება“.
ასევე აგვისტოს ბოლოს იქნა დაპატიმრებული ნავალნის საბანკო ანგარიში.
2019 წლის ოქტომბერში სასამართლომ ლიუბოვ სობოლს, ალექსეი ნავალნისა და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ 87 მილიონი რუსული რუბლის გადახდა დაავალა კვების კომბინატ „მოსკოველი მოწაფის“ სასარგებლოდ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ განცხადებით, აღნიშნულ კომბინატს, რომელიც უკავშირდება ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, კავშირი აქვს სკოლის მოწაფეებისათვის უხარისხო კვების პროდუქტებით მომარაგების საქმესთან. მას შემდეგ, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“ სასამართლომ 87 მილიონი რუსული რუბლის გადახდა დააკისრა, მისმა დამფუძნებელმა, ალექსეი ნავალნიმ, მიიღო გადაწყვეტილება ფონდის ლიკვიდაციის შესახებ.
„ჩვენ მართლა იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ არაკომერციულ ორგანიზაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“, რომელიც მე 9 წლის წინ დავაარსე, აღსასრულის დღე დაუდგა, იმიტომ რომ ის, უბრალოდ, წაგვართვეს“, - წერდა ნავალნი.
არაკომერციული ორგანიზაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი“ ალექსეი ნავალნიმ დააარსა 2011 წელს. მაგრამ ფონდის ლიკვიდაციის მიუხედავად, სასამართლომ აგვისტოს ბოლოს მორიგი ვერდიქტი გამოაცხადა.
31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასამართლოს აღმასრულებლებმა 34 მილიონი რუსული რუბლი ჩამოწერეს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტის, ლიუბოვ სობოლის ანგარიშებიდან.
ამ დროს ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ქიმიური თავდასხმის შედეგად. გერმანიის არმიის, ასევე შვედეთის და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს „ნოვიჩოკის“, ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. რუსეთს დასავლეთი საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.