ოსური სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარიდან კაცი შეიყვანა მაღალი ტემპერატურითა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით. დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალა ჩოჩიევას თქმით, პაციენტს გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ორმხრივი პნევმონია. კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ის ინფიცირებულია.
„კაცი იმყოფება ცხინვალის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს. თავად პაციენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა, სადაც ერთი დღე დაჰყო“, - თქვა ჩოჩიევამ.
ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა მიმოსვლა აღადგინეს 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ნახევარი წლის განმავლობაში შეზღუდული იყო გადაადგილება.
პანდემიის დაწყებიდან სამხრეთ ოსეთში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 90 შემთხვევა. ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. 30 აგვისტოს შემდეგ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ იყო დადასტურებული.