კრემლმა „აბსურდული“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ წყლის ბოთლის გამოყენებით.
ნავალნის ორგანიზმში საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერება დაადგინეს გერმანიის და კიდევ ორი სხვა ქვეყნის ლაბორატორიებმა.
კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ცნობა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სისწორე. „საქმე ისაა, რომ გვეუბნებიან ბოთლზე „ნოვიჩოკის“ კვალის შესახებ“, თქვა პესკოვმა და მოიყვანა სპეციალისტების მოსაზრება, რომ ბოთლზე მართლაც რომ ყოფილიყო „ნოვიჩოკის“ კვალი, მის უცხოეთში გატანას ვერავინ შეძლებდა. „ვერ მოასწრებდნენ“, თქვა პესკოვმა. მან შეკითხვა დასვა, „თუ იყო ბოთლი, რატომ წაიღეს? ხომ არ იყო ვინმე დაინტერესებული, რომ გამოძიება ჩატარებულიყო?“
ნავალნის მომხრეების განცხადებით, როცა გავრცელდა ცნობა, რომ ნავალნი ცუდად გახდა და ომსკში მოათავსეს საავადმყოფოში, ჯერ კიდევ ტომსკში მყოფმა მისმა კოლეგებმა სასტუმროს ნომრიდან წაიღეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მოწამვლასთან კავშირში ყოფილიყო და გადაარჩინეს შესაძლო სამხილები, მათ შორის, წყლის ბოთლი. ბოთლი სასტუმროდან გაიტანა და ბერლინში ჩაიტანა ნავალნის ფონდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.