ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ამომრჩევლის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესებს.
პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა ვალდებულია ჰქონდეს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს არ ექნება პირბადე, მისი პირბადით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციას ეკისრება.
ამავე პროტოკოლით, ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი, - განმარტებულია პროტოკოლში, რომლის თანახმად, ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში.
ამომრჩევლისაგან განსხვავებით, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, რომლებიც ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილები იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.
ცესკოს პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამავე დროს, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი", - განმარტავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. პროტოკოლი დადგენილებით ცესკომ 18 სექტემბერს მიიღო.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტიმბერს გაიმართება.