8 აგვისტოს ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომელსაც დემონსტრანტები ბრალს სდებენ ქვეყნის ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში.
პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, რომ 9 აგვისტოს პარლამენტში შეიტანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტს. მაგრამ ამან ვერ დააშოშმინა ლიბანელები, რომლებიც არსებულ სისტემას კორუმპირებულად და არაეფექტიანად მიიჩნევენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა პოლიცია და არმია. დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ, რომ მთავრობის გადადგომა და გამანადგურებელი აფეთქებისთვის პასუხისმგებელთა დასჯა სურთ.
სატელევიზიო კადრებში ჩანს, როგორ შეიჭრა ხალხი საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების შენობებში. მათ ასევე დაარბიეს ბანკების ასოციაციის შტაბ-ბინა.
4 აგვისტოს ბეირუთის პორტში კოლოსალური სიმძლავრის აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად სახელდება 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალი ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა. ამის თაობაზე განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ფაჰმიმ. ფაჰმის თქმით, 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, მაღალფეთქებადი ნივთიერება, სასუქის კომპონენტი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ჩამოიტვირთა 2014 წელს ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.
გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. ის ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.
მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.