აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შეამსუბუქა საპატიმრო სასჯელი, რომელიც მისი მეგობრისა და რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი პოლიტიკოსის, როჯერ სტოუნის მიმართ 20 თებერვალს გამოიტანა სასამართლომ.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მანამდე სტოუნი დამნაშავედ ცნეს კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში, მართლმსაჯულების დაბრკოლებასა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენაში.
14 ივლისს, 67 წლის სტოუნი, ჯორჯიის შტატის ფედერალურ ციხეში უნდა გამოცხადებულიყო, სადაც მან 40 თვიანი საპატიმრო სასჯელი უნდა მოეხადა.
"როჯერ სტოუნი ახლა თავისუფალი ადამიანია!" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ "როჯერ სტოუნს მოეპყრნენ ძალიან უსამართლოდ, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს“.
რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი, როჯერ სტოუნი, დონალდ ტრამპის დიდი ხნის მეგობარია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ადამ შიფმა, გააკრიტიკა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამით ტრამპმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში ორი მართლმსაჯულების სისტემა არსებობს: „ერთი დამნაშავე მეგიობებისათვის, მეორე კი სხვა დანარჩენებისთვის“.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტოუნმა საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მასზე სრული გამართლების იმედი აქვს.
მაისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის ბრალდებები მოუხსნა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს.