აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, ერთი კვირთ გადადო 11 ივლისისათვის დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა ნიუ-ჰემფშირში.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეხვედრა ერთი, მაქსიმუმ ორი კვირით გადაიდო, მაგრამა არა კორონავირუსის, არამედ მოახლოებული ტროპიკული გრიგალის გამო.
დონალდ ტრამპმა, რომელსაც ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვების იმედი აქვს, სამი კვირის წინ, 21 ივნისს წინასაარჩევნო მიტინგი გამართა ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში, სადაც აქციის მონაწილეთა უმრავლესობას არ ეკეთა პირბადეები და დარბაზში მყოფი ადამიანები არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.
მიტინგის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი აღმოაჩნდა ტრამპის საარჩევნო შტაბის ექვს თანამშრომელს.
შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტალსაში მიტინგის მონაწილეებს ინფიცირების გაზრდილი საფრთხე ემუქრებათ.
10 ივლისს აშშ-ში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 63 000 ახალი შემთხვევა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, ეპიდემიის განმავლობაში აშშ-ში ვირუსული ინფექცია შეეყარა 3,1 მილიონ ადამიანს, გარდაიცვალა 134 067 პაციენტი.