გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოში ლესბოსელები, ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები და ინტერსექსუალები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან დისკრიმინაციისა და შევიწროების მიმართ. „ლგბტი ადამიანებიდან, რომლებიც უკვე არიან მიკერძოებულობის, თავდასხმისა და მკვლელობის მსხვერპლი მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არიან ან ვინ უყვართ, ბევრი მათგანი განიცდის გაძლიერებულ სტიგმატიზაციას ვირუსის შედეგად, ასევე ახალ დაბრკოლებებს, როცა სამედიცინო დახმარებას ითხოვენ“, - განაცხადა გუტერეშმა.
ეს განცხადება მან გააკეთა ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრასფობიის მსოფლიო დღეს, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.
„ასევე არის ცნობები, რომ პოლიცია ბოროტად იყენებს COVID-19-თან დაკავშირებულ დირექტივებს ლგბტი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ“, - დასძინა მან.
ამ დღის მიზანია, გაზარდოს სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ ინფორმირებულობა და აღნიშნოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 წლის წინ ჰომოსექსუალობის ამოღება დაავადებათა საერთაშორისო სიიდან.
გუტერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ერთად, გაერო კვლავაც ხაზს უსვამს „კრიზისზე რეაგირებაში ყველას დაცვისა და ჩართულობის აუცილებლობას“.