შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა ქრისტიანულ დღესასწაულებსა და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების შესახებ.
შეკითხვას, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პიკი დაუკავშირდება ქრისტიანულ დღესასწაულებს? თენგიზ ცერცვაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, გააჩნია ქრისტიანული დღესასწაულები, როგორი ფორმატით ჩატარდება. თუ ის ჩატარდა ტრადიციული ფორმატით, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მატება (მე არ ვიცი, პიკი ამას დაუკავშირდება თუ არა). ეს ჩემი აზრია, პერსონალური, იმიტომ, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და კატეგორიულად არ მინდა ჩავერიო მის საქმიანობაში, რჩევები მივცე და ეს ვაკადრო. მე მხოლოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ. თუ ის [საეკლესიო დღესასწაულები] ჩატარდა ტრადიციული ფორმით... მაგრამ უკვე არის სერიოზული საუბარი, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება, რომ არ ჩატარდეს ტრადიციული ფორმით და ჩატარდეს რაღაც შეზღუდული ფორმით, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ზოგიერთმა სხვა კონფესიებმა. ჯერ კიდევ არის დრო, თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს შეამცირებს, მაშინ არა და თუ ტრადიციული ფორმით ჩატარდა, მაშინ - კი“.
1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.
ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.
3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის, 2 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344.