1973 წელს დაბადებული ზ. შ. სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულმა აღიარა, რომ ბოლო ფაქტის გარდა, მას მიმდინარე წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთი საცხოვრებელი სახლი აქვს გაქურდული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი ნივთების ნაწილი და მათ შორის - ორი სანადირო თოფი. გამოძიება მიმდინარეობს ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.