აშშ-ის მთავრობა ახლოსაა ე.წ. ნაწილობრივ „შათდაუნთან“, სახელმწიფო დაწესებულებების დაფინანსების დროებით შეწყვეტაზე,მას შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ვეტოს დაადებს დროებით საბიუჯეტო კანონს, რომელშიც გათვალისწინებული არ იქნება აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება. დონალდ ტრამპის მიერ 21 დეკემბერს ტვიტერით გამეორებული ამ მუქარის ფონია წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი, რომელშიც შედის 6 მილიარდი დოლარი, სასაზღვრო კედლის მშენებლობისათვის გამოყოფილი სუბსიდია. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ დოკუმენტს მხარი დაუჭიროს სენატმა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, დემოკრატებს ჰყავს საკმარისი უმცირესობა იმისათვის, რომ ჩააგდონ კანონის მიღება სენატში. ამერიკელი დემოკრატები აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს კანონპროექტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კედლის მშენებლობის თანხები. თუ კონგრესი და პრეზიდენტი ტრამპი 21 დეკემბრის შაუღამამდე ვერ შეთანხმდებიან დროებით ბიუჯეტზე, აშშ-ის მთავრობა ნაწილობრივ შეწყვეტს მუშაობას. დაახლოებით 800 ათასი ფედერალური მოსამსახურე იძულებული გახდება აიღოს ან უხელფასო შვებულება ან იმუშაოს ანაზღაურების გარეშე. ნაწილობრივი „შათდაუნი“ არ შეეხება რამდენიმე საკვანძო სტრუქტურას, მათ შორის პენტაგონს, რომლის დაფინანსებაც უკვე დამტკიცებულია.