დარწმუნებული ვარ, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს - მიხეილ სააკაშვილი
"მე დაკავშირებული ვარ ჩემს ხალხთან და ჩემს პარტიასთან," - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებთან იმ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც მის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს ეხებოდა.
ის ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას განახლება და ახალი სისხლი სჭირდება. თუმცა, იმაშიც დარწმუნებულია, რომ "არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს".
ამ თემაზე საუბრისას ის პოლონეთის მაგალითსაც იშველიებს და ამბობს, "კაჩინსკის პატარ-პატარა ჯგუფები კი არა, 70% გაექცა და მაინც რამის საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობაში ლამის ყველა ადგილი აიღო".
ცოტა ხნის წინ ჩატარებული გარდაბნის არჩევნების შედეგებზე, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ გაცილებით ნაკლები ხმები აიღო, სააკაშვილი ამბობს, რომ "გარდაბნის არჩევნები არ არის ის არჩევნები, საიდანაც ხელისუფლების ცვლილების დაწყება უნდა მომხდარიყო".