ჩინეთში სიკვდილი მიუსაჯეს ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს
ჩინეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრებს, ვეი ფენგეს და ლი შანფუს, ორწლიანი გადავადებით მიესაჯათ სიკვდილით დასჯა, იუწყება „სინხუა“.
მინისტრები კორუფციაში ცნეს დამნაშავედ. სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვეი ქრთამის აღებაში ცნეს დამნაშავედ, ხოლო ლი - ქრთამის აღებასა და შეთავაზებაში. ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.
ასევე ორივეს ჩამოერთვათ სამუდამო პოლიტიკური უფლებები და მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება.
ჩინეთში პირობითი სიკვდილით დასჯა, როგორც წესი, სამუდამო პატიმრობით იცვლება, თუ მსჯავრდადებული გადავადების პერიოდში დანაშაულს არ ჩაიდენს.
72 წლის ვეის 2018 წლიდან 2023 წლამდე ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე ის რვა თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 2023 წელს, შეცვალა 68 წლის ლიმ.
ვეი და ლი პირველ მაღალჩინოსნებს შორის არიან, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის, სი ძინპინის მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების წმენდის კამპანიის დროს დააკავეს. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ბოლოდროინდელი შეფასებით, დაახლოებით 100 მაღალი რანგის სამხედრო მოხელე გაათავისუფლეს ან საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.