ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს - იუწყება პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი. საუბარი საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინს ელაპარაკა და საუბარს უწოდა "ძალიან კარგი". ტრამპის თქმით, განიხილეს უკრაინისა და ირანის საკითხები. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან პუტინს შესთავაზა "მცირე ზავი" უკრაინაში და აღნიშნა, რომ პუტინის თანხმობის იმედი აქვს.
უშაკოვმა მანამდე თქვა, რომ პუტინი გამოვიდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით "გამარჯვების დღის" აღნიშვნის პერიოდში (რუსეთში ეს დღე 9 მაისს აღინიშნება, უკრაინასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში - 8 მაისს) და ტრამპმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა. რამდენი ხნით შეიძლება გამოცხადდეს ზავი, არ დაზუსტებულა, უკრაინისგანაც არ ყოფილა განცხადება ამ საკითხზე.
უშაკოვის თქმით, ტრამპმა პუტინს უთხრა, რომ "უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გარიგება" უკვე ახლოსაა. პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები ყველა შემთხვევაში მიღწეული იქნება და გამოთქვა მოსაზრება, რომ "რუსეთის მებრძოლები ინიციატივას ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგის პოზიციებს ავიწროებენ". რეალურად, ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შენელდა რუსეთის არმიის წინსვლა ფრონტზე და უკრაინამ უფრო ხშირად დაიწყო დარტყმების განხორციელება მოწინააღმდეგის ზურგში.
როგორც უშაკოვი აცხადებს, ლიდერების შეფასებები დაემთხვა იმაში, რომ კონფლიქტს აჭიანურებს უკრაინა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ, მისი აზრით, პუტინი უკვე დიდი ხნის წინ იყო მზად "გარიგებისთვის", მაგრამ ამაში მას ხელს გარკვეული პირები უშლიდნენ.
უშაკოვის თქმით, ირანის საკითხის განხილვისას პუტინმა თქვა, რომ სწორად მიაჩნია ტრამპის გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე, ხოლო ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ვარიანტს იგი სახიფათოდ მიიჩნევს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინმა მას შესთავაზა გარკვეული გზა ირანის გამდიდრებული ურანის პრობლემის გადაწყვეტისთვის, თუმცა ტრამპმა მას ურჩია, ყურადღება უწინარესად მიაპყროს უკრაინასთან კონფლიქტის დასრულებას.
უშაკოვის თქმით, პუტინმა ასევე დაგმო ტრამპზე თავდასხმის ახლახან განხორციელებული მცდელობა.
შარშან პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე აცხადებს. აშშ შუამავლის ფუნქციით გამოვიდა მოლაპარაკებათა რაუნდებში, რომლებსაც ამ მომენტისთვის შედეგად არ მოჰყოლია ცეცხლის შეწყვეტა. გავრცელებული ცნობებით, მთავარ საკითხად ტერიტორია რჩება - რუსეთი კვლავ მოითხოვს კონტროლს მთელ დონეცკის ოლქზე, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ბოლო ჯერზე სამმხრივი მოლაპარაკება თებერვალში გაიმართა.