შვედეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი ამახინჯებს თავისი ეკონომიკის შესახებ სტატისტიკას
რუსეთი სისტემატურად ახდენს სტატისტიკის მანიპულირებას, რათა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ თითქოს რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო სანქციებისა და სამხედრო ხარჯების ზეწოლას. ამის შესახებ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა 20 აპრილს შვედეთის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტომას ნილსონმა. მან სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება, კერძოდ, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ინფორმაციას ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ.
ნილსონის თქმით, რუსეთში ინფლაციის ნამდვილი დონე უფრო ახლოსაა ფინანსური პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთთან (15%), ვიდრე რუსეთის ცენტრალური ბანკის შეფასებასთან (5,86%). შვედეთის დაზვერვა ასევე იზიარებს გერმანიის სადაზვერვო სამსახურის (BND) შეფასებას, რომ რუსეთი ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ მაჩვენებლებს დაახლოებით 30 მლრდ დოლარით უფრო ნაკლებად წარმოადგენს. მარტის დამდეგს BND-მ განაცხადა, რომ რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წელს 2,36 ტრილიონი რუბლით აღემატებოდა ოფიციალურ მონაცემებს.
შვედეთში ასევე დააფიქსირეს ზოგიერთი ფინანსური ინდიკატორი, რომლებიც შესაძლოა მოახლოებულ საბანკო კრიზისს მოასწავებდეს, აღნიშნა ტომას ნილსონმა. დეტალებზე მას არ უსაუბრია.
როგორც Financial Times აღნიშნავს, შვედეთის სამხედრო დაზვერვის პროგნოზებს ყველა არ ეთანხმება. საერთაშორისო პროგნოზები დიდწილად ემთხვევა თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზებს, რომელთა თანახმად, 2026 წელს რუსეთში ინფლაცია დაახლოებით 5%-მდე შენელდა.
„რუსეთის ეკონომიკა შეიძლება მხოლოდ ორიდან ერთი სცენარით განვითარდეს: ესაა გრძელვადიანი კლება ან შოკი. ნებისმიერ შემთხვევაში ის ფინანსური კატასტროფისკენ მიიწევს,“ მიაჩნია ნილსონს. ინტერვიუში მან ევროპის ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით მოუწოდა, მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელიც უნგრეთმა დაბლოკა, და გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.