“”მწერალთა სახლი” იყო (სამწუხაროდ, უკვე წარსულში უნდა მოვიხსენიოთ) ის ადგილი, რომელიც კულტურის სამინისტროსგან განსხვავებით, ნამდვილად ქმნიდა კულტურის პოლიტიკას და ამის დასტურად ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ერთიც კმარა – “თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი” – უპრეცედენტო ლიტერატურული დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც უამრავი მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორი სტუმრობდა საქართველოს: დი ბი სი პიერი, ჩარლზ ბერნშტეინი, ეთგარ კერეტი. ეს სია გრძელია.
ნატაშა ლომოურის დირექტორობის დროს, ქართველმა მწერლებმა იგრძნეს, რომ მსოფლიო ლიტერატურის ნაწილი არიან. ლიტერატურა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ტექსტი არ არის, ის მსოფლიოს სხვა კულტურებთან კომუნიცირების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.
თეა წულუკიანმა ნატაშა ლომოურს ვადა არ გაუგრძელა. “მწერალთა სახლის” დირექტორად კი რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე დანიშნა.
თავისუფლების კიდევ ერთი პატარა კუნძული, “მწერალთა სახლი” დავკარგეთ. ვუსამძიმრებ ქართულ კულტურას და ჩვენს საზოგადოებას,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბექა ყორშია.