საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.
– ბატონო ბაკურ, გასული კვირა ქართული პოლიტიკისთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა „ხალხის ძალის“ ინიციატივას და დაჩქარებული წესით დაიყო ე. წ. აგენტების“ შესახებ კანონის განხილვა, პოლიტიკურმა პროცესმა იმ ტრაექტორიით დაიწყო განვითარება, რომელსაც, როგორც ჩანს, არც სახელისუფლებო გუნდი არ ელოდა.
ფაქტია, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს ბევრი განზომილება აქვს.
დამკვირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს გააქტიურებულ სტუდენტობაზე, რომელთა აქტიურობამაც ბევრად განაპირობა შედეგი.
მაგრამ, მოდით ჯერ მომხდარის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?
– პირველ რიგში, მომხდარი არის უაღრესად დადებითი მოვლენა. არა იმიტომ, რომ სახელისუფლებო გუნდმა რუსული კანონი უკან წაიღო, არამედ იმიტომ რომ ხალხმა შეძლო მთავრობა გაეხადა ანგარიშვალდებული თუნდაც მხოლოდ ამ ერთ საკითხში. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლება ხალხის შეიძლება იყოს, ასეთი პროტესტი წარმატებული გახდეს თუ იქნება ერთობა, ერთიანობა და სოლიდარობა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მთავრობის კონტროლი. ეს არის გადაუდებელი ამოცანა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტოს აკონტროლებს.
სახელმწიფო ინსტიტუციებში არ არის ამოქმედებული ისეთი პრინციპი, რასაც ჰქვია წონასწორობისა და ძალთა ბალანსის კონტროლი. აქედან გამომდინარე იმ დემოკრატიული, შესაძლოა არასაკმარისი, მაგრამ მაინც იმ მიღწევების დასაცავად, რჩება მხოლოდ ერთი რამ, ხალხის ძალა. აქ მე ვგულისხმობ ნამდვილი ხალხის ძალას და არა ბუტაფორიას, რომელიც „ქართული ოცნების“ გაგრძელება იყო ყოველთვის.
„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ არავის წინაშე არ გრძნობდა თავს ანგარიშვალდებულად. მათ შორის, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. მიუხედავად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალა მოესმინა ხალხისთვის და გაეკეთებინა ის, რაც ხალხს სურდა.
– მაგრამ, მანამდე ვნახეთ ძალოვნების მიერ გააქტიურებული ახალგაზრდობის პარლამენტის წინამდებარე მოედანზე არა მხოლოდ შევიწროება, არამედ მათი საკმაოდ გაუგებარი დევნა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში.
თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების მტკიცება, რომ მას არ უნდოდა სისხლის ღვრა და „არაფრის ფასად არ უღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება“?
– მე ვიგულისხმე ის, რომ ხელისუფლება მიხვდა რომ არ გაუვა რუსული კანონის მიღება. ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ ხალხის ძალას წინ ვერ დაუდგება და სწორედ ამიტომ დაიხია უკან და გადადგა ეს ნაბიჯი. ამიტომაა მომხდარი ხალხის დიდი გამარჯვება. „ოცნებამ“ გაიაზრა, რომ ყველაფერს ისე ვერ გააკეთებს, როგორც სურს მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს აბსოლუტურად ყველა შტოს.