საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალების შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს ევროპაში ან აშშ-ში სამკურნალოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა. კასიანოვმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე.
"უკრაინა, გამომდინარე იქედან, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანამრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია, დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გაიყვანოს იგი სამკურნაოდ ევროპასა და თუ აშშ-ს სამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფი ტენდენციების გათვალისწინებით", - თქვა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.