“იმ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულებია ეხმარებიან შშმ-პირებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულებს და უამრავ სხვას, – დღე და ღამე რომ შრომობენ ჩვენი მოქალაქეების განათლებაზე, ჯანმრთელობაზე და ზოგადად გადარჩენასა და სიცოცხლეზე, – ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ფიზიკურ გადარჩენაზე, – ახლა საკუთარი თავი, მიღწევები და ეს ადამიანები უნდა დაიცვან!
“ოცნების” რუსული კანონი აგენტების შესახებ ყველა თქვენგანს ემუქრება ახლა!
ყველას, ვინც კი წლებია შრომობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში; ვისაც ობიექტურად არ გცალიათ და არც გეცალათ პოლიტიკისა და ხშირად სხვათა ამაო “ბრძოლებისთვის” პოლიტიკაში, ახლა ეს უმსგავსობა – “ოცნების” რუსული კანონი აგენტების შესახებ – ყველა თქვენგანამდე მოვა! ყველა თქვენს ორგანიზაციამდე, რომელთა წყალობითაც უამრავი დიდი და კეთილი საქმე გაქვთ გაკეთებული!
დაიცავით თავი და დაიცავით ის ათასობით, ასი ათასობით ადამიანი, რომლებიც თქვენ და თქვენმა ორგანიზაციებმა გადაარჩინეს!
“ოცნების პროპაგანდა იმგვარად აწვდის ხალხს ამ რუსულ კანონს, გეგონება, ეს ერთ-ორ, “მასისთვის” არაპოპულარულ კრებით და გამოგონილ “ენჯეო-სახეებს” შეეხებოდეს, “გრანტიჭამიებს”… რეალურად კი საქართველოს გადარჩენის პოტენციას კლავენ ამით, ათწლეულებით ჩამოყალიბებულ პრაქტიკებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და გადარჩენაზე იყო და არის ორიენტირებული…
გამოჩნდით! აუხსენით ხალხს! მოყევით თქვენი საქმიანობების შესახებ! დაიცავით თავი, დაიცავით თქვენი საქმე და დაიცავით საქართველოს მომავალი!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია მმართველ უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი.აღნიშნული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად” იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს კვლევა ჩაატაროს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.