აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინა დღეებში პოლონეთში გაემგზავრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება და ის 20-22 თებერვალს გაიმართება.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის სიტყვებით, ჯო ბაიდენი ამ ვიზიტით ცხადყოფს, რომ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოებისთვის დამატებით დახმარებას მიიღებს.
„პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ იტყვის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - განაცხადა კირბიმ.
ბაიდენი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს.
პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვა, სადაც უკრაინელი ხალხის გამძლეობასა და დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ბოლოს ბაიდენი პოლონეთში იყო გასული წლის მარტში, უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. მან მოინახულა პოლონეთში განლაგებული აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო დივიზიები და პოლონეთის ხელმძღვანელობასთან განიხილა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები. ვარშავაში, ის შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს.
ბაიდენმა მაშინ თქვა პირველად:„პუტინი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში“.
შემდეგ თეთრმა სახლმა შეარბილა პრეზიდენტის ეს განცხადება და განმარტა, რომ ის არ მოუწოდებდა რუსეთში ხელისუფლების დამხობას, არამედ იმას ნიშნავდა, რომ კრემლმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიისთვის.