რუსეთი აძლიერებს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ თავის ჯარებს და ემზადება შეტევისთვის, - ამის შესახებ ფრონტზე შექმნილი სიტუაციის შესწავლის შემდეგ, 2 თებერვალს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა.
"მტერი აგრძელებს აქტიურ დაზვერვას და გარკვეულ ადგილებში შეტევისთვის სამზადისს, იღებს ზომებს თავისი ჯარების გასაძლიერებლად. შეტევითი მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. მტერი განიცდის მძიმე დანაკარგებს, განსაკუთრებით პირადი შემადგენლობის მხრივ. ფრონტის სხვა მიმართულებაზე ოკუპანტები თავს იცავენ", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
უკრაინული მხარე ფლობს ინფორმაცია, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფარული მობილიზაციისთვის ემზადება.
"კერძოდ, ქალაქ გორლოვკაში, ყველა საბიუჯეტო და მუნიციპალურ დაწესებულებას დაევალა ოკუპაციის სამხედრო კომისარიატში დათქმულ პირთა სიების წარდგენა. ყველა ეს ადამიანი განიხილება მტრის რიგებში პოტენციური გასაწვევ რეზერვად. ხარკოვის რაიონის კუპიანსკის რაიონის ტერიტორიაზე მტერი ემზადება საგზაო ინფრასტრუქტურის, სამთო ხიდების, კაშხლებისა და გადასასვლელების განადგურებისთვის", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ომის პირობებში სხვა წყაროებიდან ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ემზადება "მაქსიმალური ესკალაციისთვის" და არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება კიდევ ერთი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან განახორციელოს სრულმასშტაბიანი შემოსევების წლისთავზე, როგორც ეს მოხდა 2022 წლის 24 თებერვალში.
უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და მომდევნო ორი-სამი თვე გადამწყვეტი იქნება. დანილოვის განცხადებით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მის უკან დგას მთელი მსოფლიო.