საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის რჩება ბრიტანული გამოცემის, Economist-ის ყოველწლიური „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით.
გამოცემის ანალიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული „დემოკრატიის ინდექსი 2022“ აფასებს მდგომარეობას 165 სახელმწიფოსა და 2 ტერიტორიაზე. ქვეყნები იყოფა ოთხი ტიპის რეჟიმად: სრული დემოკრატია, არასრულყოფილი დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.
შეფასებისას გამოყენებულია 5 კატეგორია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. საუკეთესო მაჩვენებლი 10 ქულით აღინიშნება. საქართველომ ყველაზე დაბალი ქულები მთავრობის ფუნქციონირების და პოლიტიკური კულტურის კატეგორიებში მიიღო:
საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 7 ქულა;
მთავრობის ფუნქციონირება 3.57;
პოლიტიკაში მონაწილეობა 6.11;
პოლიტიკური კულტურა 3.75;
სამოქალაქო თავისუფლებები 5.59.
„დემოკრატიის ინდექსი 2022“-ით საქართველოს საერთო ქულა 5.20-ია. ქვეყანა რეიტინგში 90-ეა და წინა წელთან შედარებით, პოზიცია 1-ით აქვს გაუმჯობესებული.
Economist-ის შეფასებით, საერთო ჯამში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან მაჩვენებლები გაიუმჯობესა 16-მა. ყველაზე მეტად მონტენეგრომ და ალბანეთმა. მდგომარეობა გაუარესდა 6-ში, მათგან ყველაზე მეტად რუსეთში(-22).
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის არცერთ სახელმწიფოში არ არის სრულფასოვანი დემოკრატია. 28 ქვეყნიდან 16-ში, რომელთა შორის არიან ევროკავშირის წევრები აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, არასრულყოფილი დემოკრატიაა. ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ავტორიტარული რეჟიმებია რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და შუა აზიის იმ ქვეყნებში, რომლებიც დსთ-ს წევრები არიან.