უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Challenger 2 -ი კლასის ტანკს მიაწვდის, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირებას მოახდენს", - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინა აშშ-დან მიიღებს 31 ცალს „აბრამსს“, ხოლო გერმანიიდან - 14 „ლეოპარდ-2“-ს. გერმანია ასევე უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს, გადასცენ კიევს მათ შეიარაღებაში არსებული „ლეოპარდები“. სულ სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ 100-მდე თანამედროვე ტანკს ბრიტანული „ჩელენჯერ-2“-ების ჩათვლით. არაა გამორიცხული, რომ მალე საფრანგეთმაც გამოაცხადოს უკრაინისათვის თავისი „ლეკლერკების“ მიწოდების შესახებ.
დეკემბრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ერთი შეტევითი ოპერაციისთვის, სულ მცირე, 300 ტანკი სჭირდება.