უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 იანვარს მიესალმა გადამდგარი გენერლის, პეტრ პაველის ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას და ინაუგურაციის შემდეგ იგი უკრაინაში მიიწვია.
"პირადად მივულოცე პეტრ პაველს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მას და ჩეხ ხალხს უღრმესი მადლობა გადავუხადე გაუნელებელი მხარდაჭერისთვის და უკრაინაში მივიწვიე ვიზიტად“, - განაცხადა თავის ტვიტერში ზელენსკიმ.
ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,24%-ით გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა. მის მეტოქეს, ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია "ანოს" ლიდერ, ანდრეი ბაბიშს ხმა მისცა 41,75%-მა.
მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა პეტრე პაველს არჩევნებში გამარჯვება. სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა კი 28 იანვარს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავიდა მეზობელ ჩეხეთში და პეტრე პაველს პირადად მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
გენერალი პეტრ პაველი 61 წლისაა.
სხვადასხვა დროს ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებისა და ინაუგურაციის შემდეგ იგი გახდება ჩეხეთის მეოთხე პრეზიდენტი და ამ პოსტზე შეცვლის მილოშ ზემანს, რომელიც ორი ვადით იმყოფება ჩეხეთის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე.