მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ოჯახის თხოვნაა, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს სასჯელი გადაუვადონ.
„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. მერე ადამიანი რომ იქნება თავისუფალი, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას?“, - თქვა შვილის მოსანახულებლად კლინიკაში მისულმა ალასანიამ.
მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს არა საკუთარი სურვილით, არამედ იმიტომ, რომ მოწამლულია.
იმავეს ამბობს მედიასთან ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და იმ საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების მიხედვით, ვინც უკვე დაიკითხნენ სასამართლოზე განმარტებულია მიზეზები, რატომ ვერ იღებს მიხეილ სააკაშვილი საკვებს, რატომ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ თუ სააკაშვილს არ გაეწევა მაღალპროფილურ კვალიფიციურ კლინიკაში საზღვარგარეთ მკურნალობა, მაშინ სიკვდილი გარდაუვალი იქნება“, - თქვა ხაჭაპურიძემ.
28 იანვარს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.
ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.