ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს ანკარაზე, რათა რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავების ფრენა აუკრძალოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დეკემბერში აშშ - ს მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს თურქული მხარე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.
The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ანკარას ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა, თეა როზმან კენდლერმა გააცნო. იგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს გასული წლის ბოლოს ეწვია. სამინისტრომ გაზეთს დეტალები არ გაუზიარა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ის უცხოურ ავიაკომპანიებთან მუშაობდა შეერთებული შტატების მიერ რუსული, ბელორუსული და ირანული თვითმფრინავებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესრულების მონიტორინგის კუთხით.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასული წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის ავიაკომპანიებმა ამერიკული ბოინგის თვითმფრინავით თურქეთის მიმართულებით ორი ათასზე მეტი რეისი შეასრულეს.
ამერიკულმა Boeing Corporation-მა რუსეთში თვითმფრინავების მომსახურება შარშან მარტის დასაწყისში შეწყვიტა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა Airbus-მა.
თურქეთი პოპულარული ტურისტული ადგილია რუსებისთვის. 2022 წელს თურქეთი აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული მისამართი რუს ტურისტებს შორის-ქვეყანას თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი ეწვია. პროგნოზების თანახმად, 2023 წელს თურქეთში ნაკადი შეიძლება 40% - ით-შვიდ მილიონამდე გაიზარდოს.