რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, 2023 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება რუსეთის ნავთობის მიწოდება უცხოური კომპანიებისთვის და მოქალაქეებისთვის, თუ კონტრაქტი ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს.
შეზღუდვები ძალაში მომავალი წლის 1 ივლისამდე იქნება. აღნიშნულია, რომ პუტინის განკარგულება ეხება არა მხოლოდ ნავთობს, არამედ ნავთობპროდუქტებს, თუმცა, მთავრობამ ცალკე უნდა დაადგინოს თარიღი, როდიდან აიკრძალება ვაჭრობა დადგენილ ფასში.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო გზით რუსული ნავთობის მიწოდებაზე. დაწესდა ასევე რუსეთიდან ამავე საშუალებით გატანილი ნავთობის ერთ ბარელზე: მაქსიმალური ფასი - 60 დოლარი შეიძლბა იყოს. ამის შესახებ შეთანხმდნენ ევროკავშირი, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები და ავსტრალია.
გადაწყვეტილების მიზანია, შეუმცირდეს რუსეთის შემოსავალი, რომელიც მის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გააგრძელოს ომი უკრაინაში და ამავე დროს შეინარჩუნოს მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის გატანა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რათა შეაჩეროს ნავთობის მიწოდება ქვეყნებისთვის, რომლებიც ფასზე ზღვარს დააწესებენ, თუნდაც რუსეთს ნავთობის მოპოვების შემცირება დასჭირდეს.