საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს, რომელმაც კონცერტი გამართა ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია მედიას კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიაწოდა.
"მოცემული გუნდი მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან საქმიანობას განაგრძობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და მისი სახელწოდება იქნება სახელმწიფო კამერული გუნდი. მინდა მოცემულ გუნდს, მგალობლებს, მომღერლებს დიდი მადლობა ვუთხრა იმ საქმისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ქართული გალობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელიც გახლავთ გუნდის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი და დღემდე მოიყვანა ქართული გალობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული კულტურა და კულტურული იდენტობა", - თქვა კულტურის მინისტრმა.
26 ივნისს ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, კონცერტი გამართა თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა. ეს იყო სიქსტეს კაპელაში საქართველოს წარმომადგენლების პირველი კონცერტი. ის საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.