უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 5 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ხერსონის, ნიკოლაევის და ხარკოვის ოლქების 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 21 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 15 რაიონზე, 2 საყრდენ პუნქტსა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების 4 პოზიციაზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 1 ვერტმფრენი და 1 მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქში დაკავებული ტერიტორიიდან დონეცკის ოლქში გააქვთ ფიჭური კავშირგაბმულობის ანძები და განაგრძობენ მზადებას მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან ცალკეული ქვედანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის ევაკუაციისთვის.