აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ კომპონენტებს გამოიყენებს, კრემლი მიიღებს სერიოზულ პასუხს და არა მხოლოდ შეერთებული შტატებისგან.
“თუ ეს მოხდება, თქვენ იხილავთ ძალიან სერიოზულ პასუხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოებისთვის, რადგან საუბარია 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ბირთვული დარტყმის რისკი და ამან შეიძლება პოტენციურად შეცვალოს ვითარება მთელი მსოფლიოსთვის.
„ასეთი იარაღის გამოყენებაზე საუბარიც კი საშიში და უპასუხისმგებლოა“, – აღნიშნა ოსტინმა.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებს, თავის მხრივ, ჯერჯერობით არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის ან „ბინძური ბომბის“ გამოყენების შესახებ.
კითხვაზე, რა შესაძლებლობები აქვს შეერთებულ შტატებს რუსეთისგან მომავალი ბირთვული საფრთხეების შეკავებისთვის, ლოიდ ოსტინმა უპასუხა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი ბირთვული პოტენციალი და კრემლმა იცის მისი მასშტაბები.