„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს“. ასე აფასებს ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
„ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც უნდა გაჩუმდნენ, ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.