ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაშია, მადლობას უხდის თანამშრომლებს ფინანსური კრიზისის დროს მუშაობის გამო. მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავისი საქმის განხილვის დროს მიმართა საერთაშორისო პარტნიორებსაც.
"[როცა] ყველაზე დიდი, ვგულისხმობ რეიტინგით, პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა [არმიცემა] დასავლური ფონდების მხრიდან და "კავკასიისთვის", რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, უარის თქმა, პოტენციურად იწვევს ამ არხების დახურვას. ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის - გვინდა ეს თუ არ გვინდა, ასეა პასუხი..." - თქვა ნიკა გვარამიამ.
ბოლო რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სატელევიზიო არხები ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. მათ შორის "მთავარი არხი" და "კავკასია". "მთავარ არხზე" ფინანსური კრიზისის გამწვავებას წინ უსწრებდა ნიკა გვარამიას დაკავება.
რამდენიმე თვის წინ გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.