დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში და ხარკოვის ცენტრში დაბომბვის შედეგად ხანძრები გაჩნდა. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ილოვაისკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული, იწვოდა სარკინიგზო საწყობი. ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას უკრაინის არმიის პოზიციებიდან ესროლეს HIMARS-ის სისტემის ექვსი რაკეტა.
ხარკოვის ცენტრში იწვის სამედიცინო დაწესებულება და არასაცხოვრებელი შენობა, იტყობინება ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვს რაკეტები დაუშინეს. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ქალაქის ორ რაიონში. ცნობილია, რომ ნამსხვრევით დაიჭრა ერთი პირი. იერიშის შედეგად დაზიანდა ასევე სპორტული კომპლექსი და არასაცხოვრებელი შენობები.
სინეჰუბოვი აცხადებს, რომ რაკეტები რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან ისროლეს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ჯარებმა არაერთხელ განახორციელეს იერიშები ხარკოვის წინააღმდეგ. ამჟამად ქალაქი, ისევე როგორც ხარკოვის ოლქის უდიდესი ნაწილი, უკრაინის კონტროლქვეშაა. უკრაინა განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებას.