სახელმწიფოს კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარის გადახდა დაეკისრა ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის. ცნობას „საფარი" აქვეყნებს. ორგანიზაციის იურისტის ნინო ანდრიაშვილი, რომელიც ჯეირანოვას შვილების ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ მათ კომპენსაცია იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
საქმე ეხება 2014 წელს 16 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებს : 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.
„საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ „საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.
ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც იყო მოპასუხე მხარე, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა:
“ფინანსთა სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა ჩვენი წარდგენილი სარჩელი. ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან CEDAW-მ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, კომპენსაცია დავაკისროთ სახელმწიფოსო.”
ანდრიაშვილის თქმით, CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, “საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა", - იუწყება ორგანიზაცია „საფარი".
პარალელურად, ჯეირანოვას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, 5 კაცი დააკავეს. მათ ბრალი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შელახვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს. ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, ჯეირანოვას შვილებისთვის, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, გამოკითხვა და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ემოციურად რთულია. იურისტის თქმით, ამ საბაბით, საუბარი იყო ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე:
“სისხლის სამართლის ნაწილში, მიდიოდა საუბარი, რომ ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გამოსულიყვნენ. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ამის. დაზარალებულები მათთვის მაქსიმალური სასჯელის დაკისრებას ითხოვენ”.