ეს არ იყო მარტო ნინო ლომჯარიასთვის, როგორც წამსვლელი სახალხო დამცველისთვის, უხეში და მდაბიო მიყოლებული წიხლი, ეს არის მომავალი სახალხო დამცველისთვის გაფრთხილება და თითის დაქნევა, რომ მას მძიმე ამბები ელის წინ, თუ ის ამ ხაზს და თავისი მოვალეობის კომპეტენტურად შესრულებას გააგრძელებს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პარლამენტში გამოსვლა და დეპუტატების განცხადებები შეაფასა.
მისი თქმით, პარლამენტისთვის დღევანდელი დღე ძალიან საქმიანი ამოცანის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა უმრავლესობამ კიდევ ერთი დღე დაკარგა, რომ საქართველო ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას დაახლოებოდა.
„ჩვენ ბევრი დრო არ გვრჩება წლის ბოლომდე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან 12 პუნქტის შესრულება უნდა შეფასდეს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა, უმრავლესობა დღევანდელ დღეს გამოიყენებდა იმისთვის, რომ დღის ბოლოს ჩვენ უფრო დავახლოებოდით ამ 12 პუნქტის შესრულებას და სახალხო დამცველთან ერთად დარბაზში გვემუშავა, თითოეული ამ პუნქტის შესრულებისთვის მან რა სამუშაო ჩაატარა და რას გვირჩევს ახლა პარლამენტს თითოეული ამ პუნქტის შესასრულებლად, როგორ ვიაროთ სწორად წინ. ეს უნდა ყოფილიყო დღეს პარლამენტის და ამ შემთხვევაში უმრავლესობის ამოცანა. ეს სახელმწიფოებრივი ამოცანა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა. ეს იყო მთავარი დანაკარგი, თორემ ნინო ლომჯარიასთვის არ იყო ეს პირველი, არც უცხო. ნინო ამას გადაიტანს, არ არის პრობლემა. მე კი არ ვამართლებ ამ თავდასხმებს, უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს უცხო არ არის და გადაგვიტანია. ამაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ კიდევ ერთი დღე დაკარგა უმრავლესობამ, რომ საქართველო ამ 12 პუნქტის შესრულებას დაახლოებოდა და ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ საერთო კონსენსუსზე დაფუძნებით, დღის ბოლოს რაღაც გაძლიერებული გეგმით გამოვსულიყავით, რომ ეს არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.